weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„იაღლუჯას“ ბაზაზე აკრძალული მეთოდებით ჯარისკაცების დასჯისთვის 2 პირი დააკავეს

15:34 ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

„ცვლის უფროსმა დ.დ.-მ ე.წ. „იაღლუჯას“ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ,

  • 2020 წლის 14 მარტს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ერთი საათიდან ორ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილს, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი.
  • 2020 წლის 25 მაისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ერთი ჯარისკაცი აღჭურვა 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით და აღნიშნული ეკიპირებით ათი-თერთმეტი საათის განმავლობაში, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ფეხსაცმლისა და კბილის ჯაგრისებით, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, საპირფარეშო ოთახის იატაკი, საპირფარეშოს კარები და ჩარჩოები, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა.

გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 03 ივლისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცს, რომელიც პირადი შემადგენლობის სხვა ჯარისკაცებთან ერთად იდგა მწყობრში ყაზარმის სიახლოვეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა ყელის არეში და თავი ჩაარტყა შუბლში“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ამავე სამმართველოს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ე.წ. „იაღლუჯას“ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ,

  • 2020 წლის 28 იანვარს, ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ნახევარი საათიდან ერთ საათამდე ხანგრძლივობით, კბილის ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის იატაკი და ონკანის ნიჟარები.
  • 2020 წლის 24 მაისს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ 2 ჯარისკაცს, ორი საათიდან ოთხ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილებს, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, პირსაბანი ოთახის იატაკი და საპირფარეშოს კარი.
  • 2020 წლის 17 ივნისს, ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახი, პირსაბანი ოთახის სივრცე და საპირფარეშოს კარი.

გ.ბ. დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სამი სხვადასხვა ეპიზოდის ბრალდებით, რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ხოლო დ.დ.-ს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი სხვადასხვა ეპიზოდი) ჩადენაში, რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]